"მოკლედ გიპასუხებთ, ამას განვიხილავ შემდეგ", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას.

რამდენიმე თვის წინ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ ოჯახი დეკანოზის შეწყალებისთვის აპირებს პრეზიდენტს მიმართოს.

მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.