საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია სახელმწიფო სიმბოლოა და სახელმწიფო ფუნქციის მატარებლად უნდა დარჩეს.

ზურაბიშვილის განმარტებით, სასახლეში შეიძლება, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი შევიდეს ან უცხოელების მიღების ადგილი გახდეს. მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

პრეზიდენტობის კანდიდატს ორბელიანების სასახლე მოსწონს და მიაჩნია, რომ ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია. მისივე თქმით, ის "სხვა ტიპის" პრეზიდენტი იქნება.

"ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ვივლი ფეხით და ამას არ შევცვლი. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე იმ ხალხს... შეიძლება ბევრჯერ შევხვდე ხალხს, რომლის წუხილს ვერაფერს უზამ და პრეზიდენტი ვერაფერს უპასუხებს, მაგრამ მოსმენა, დიალოგი, საუბარი ეს ისაა, რაც ამ ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა იმედის ეთერში.

6 აგვისტოს, საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენების დროს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შევა თუ არა პრეზიდენტის სასახლეში, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ არჩევის შემდეგ განაცხადებს.

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას.

ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში მხარს დაუჭერს