"მატარებლები აუცილებლად ივლიან. მოსწონს ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზამ ფუნქციონირება უნდა აღადგინოს", - ასე შეაფასა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხი. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის რკინიგზა მნიშვნელოვანია და ის გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ საქართველო "ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკად აქცევს."

"რკინიგზის გამოყენება იქნებოდა დამატებითი მხარდაჭერა რესპუბლიკისთვის, მაგრამ თბილისს არ უნდა გააძლიეროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეკონომიკური კუთხით",- განაცხადა ხაჯიმბამ.

აფხაზეთში რკინიგზა ომის შემდეგ, 1993 წლიდან არ ფუნქციონირებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსულმა ჯარებმა რკინიგზის ნაწილი აღადგინეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედროები შემოიყვანეს.