შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ძამბოლატ თედეევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრია. ის რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტარია. On.ge ბოდიშს იხდის შეცდომის გამო.

"ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო", - ასე ეხმიანება საქართველოს ნაკრების მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის, ჯაბო თედეევის სახიანი მაისურით გადაღებულ ფოტოს.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ ფოტოს გადაღება მათ თავად თედეევმა სთხოვა და დათანხმდნენ, რადგან ის მათი დიდი გულშემატკივარია.

პეტრიაშვილი წერს, რომ მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მას ისევე როგორც ნაკრების ყველა წევრს გული შესტკივა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე.

გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით On.ge-ს გენო პეტრიაშვილთან საუბარი სურდა. სპორტსმენი ფეისბუქით მიწერილ შეტყობინებას არ გამოეხმაურა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტში ისაუბრა.

აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია თედეევის შესახებ On.ge-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან. მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ (ჯაბო) თედეევის სახეა დაბეჭდილი.

თედეევი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტში ფრაქცია რუსი პატრიოტების წარმომადგენელია. მას ოსეთის გმირისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის სხვადასხვა ჯილდოები აქვს მიღებული.

On.ge-ს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი სამინისტრო არ არის, კომენტარის მისაღებად კი ჭიდაობის ფედერაციაში გადაგვამისამართეს.

ჭიდაობის ფედერაციას, დღევანდელი მდგომარეობით, პრესსამსახურის თანამშრომელი არ ჰყავს. პირი, რომელიც ფედერაციის ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონს პასუხობს, ამბობს, რომ აღნიშნული ნომერი მისი პირადი საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით მაისური ჩაიცვეს