გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, მხოლოდ მესამე ჯერზე დასმული კითხვის პასუხად ახსენა ტერმინი "ოკუპაცია".

კითხვის ავტორმა, კონსტანტინე შუბითიძემ მერკელს ამ სიტყვის ხსენების თავიდან არიდების მიზეზი ჰკითხა, კანცლერის პასუხს კი დამსწრე აუდიტორია ტაშით შეხვდა:

"დიახ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, დაკავებული ტერიტორია, 20% და ეს რჩება უდიდეს უსამართლობად".

მერკელის თქმით, მან გუშინდელი შეხვედრის დროსაც ისაუბრა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის წინაპირობა:

"ვისაუბრე უკრაინის საზღვრებზე და ფრჩხილებში აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია".

მანამდე, სტუდენტებთან შეხვედრისას კიდევ ორი კითხვა დაისვა კანცლერის მისამართით, მიიჩნევდა თუ არა ის საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად, პასუხად კი კანცლერმა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.