მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 38 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლა, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ უთხრეს უარი.

3-კაციანმა კომიტეტმა, რომელსაც მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოაქვს, ჩეპმენს უარის წერილობით ახსნა მიაწოდა:

"თქვენ ფრთხილად დაგეგმეთ მსოფლიოში ცნობილი ადამიანის მკვლელობა და ამისთვის ერთადერთი მიზეზი გქონდათ — ცნობადობის მოხვეჭა.

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის სხვისაზე უფრო ღირებული. და იმის გარდა, რომ თქვენ მოკალით ის, ვინც მილიონობით ადამიანს უყვარდა, გახდით მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვების ტკივილის მიზეზი, თქვენ გულგრილობა გამოიჩინეთ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობისა და სხვათა ტანჯვის მიმართ.

მივიჩნევთ, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში არ არის".

თითქმის იდენტური შინაარსის უარი მიიღო ჩეპმენმა 4 წლის წინ. 2016 წელს კი, მას უთხრეს, რომ მის მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს მისი გათავისუფლებით მნიშვნელობა შეუმცირდებოდა.

1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენი ლენონს მანჰეტენზე ჩაუსაფრდა, სადაც ბითლზის ყოფილი წევრი ცოლთან, იოკო ონოსთან, და შვილთან, შონთან, ერთად ცხოვრობდა.

როდესაც ჯონ ლენონი იოკოსთან ერთად სახლს ტოვებდა, ჩეპმენმა მას ავტოგრაფი სთხოვა და მიიღო კიდეც. ამის შემდეგ, ჩეპმენმა ღამემდე მოიცადა, სანამ წყვილი შინ დაბრუნდებოდა და ჯონ ლენონს ზურგში რევოლვერით ხუთჯერ ესროლა.

"ქრისტემ სიმშვიდე მაპოვნინა, მას მე ვუყვარვარ, მან მე მაპატია და ისე დამეხმარა, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ" - განაცხადა ჩეპმენმა 2014 წელს, როდესაც მერვედ მიიღო უარი შეწყალებაზე.

ლენონის ქვრივი, იოკო ონო ჩეპმენის შეწყალების წინააღმდეგია და ყოველთვის, როდესაც ის დროზე ადრე გამოშვებას თხოულობს, შეწყალების კომისიას წერილს უგზავნის.

იოკო ონო აცხადებს, რომ ჩეპმენის გათავისუფლებით საფრთხე ექმნება მას და ჯონის შვილებს — ჯულიანსა და შონს.