დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1 დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.

საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს. მისივე თქმით, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, შესაბამისმა უწყებებმა ჯგუფურ მკვლელობაზე სწორი რეაგირება ვერ მოახდინეს.

აბესაძის განმარტებით, კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საგანი მ.კ.-მ:

ა) აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს;
ბ) გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას;
გ) აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი.

ირაკლი აბესაძის თქმით, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.

"მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომისიის წევრების პოზიციით, მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით.