#ნუყიდისაქართველოს — ამ ჰეშთეგით საზოგადოების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფლეშმობი დაიწყო. მოქალაქეები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 30 თეთრს რიცხავენ და დანიშნულებაში უთითებენ "30 ვერცხლის ნაცვლად". გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითრებს კი ფეისბუქზე აქვეყნებენ.

აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 000 ლარი კომპანია კოკა-კოლის დირექტორმა კი 50 000 ლარი შესწირა. საზოგადოება აპროტესტებს სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს ქართული ოცნება უჭერს, ტოკ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე".

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

"ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა რამდენჯერმე ისევ გაუმეორეს, თუმცა ზურაბიშვილმა პასუხი არ გასცა.

2016 წელს კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება საქართველოს ყველამხრივ ბლოკავს.

"ეს ჩვენი შეზღუდვაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით [მოქმედებას], ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. რომ ეს დიპლომატიურ გზა არ არის დათმობის გზა, რომ აქ უნდა იყოს ჯებირები. რომ ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები. ეს დიპლომატიური გზა შიგნით კარგად უნდა იყოს შეთანხმებული, ყველა პარტიის კონსესუსი უნდა იყოს".