რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა "უკრაინის საკითხთან" დაკავშირებით მორიგ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ კონსტანტინოპოლის, იგივე მსოფლიო პატრიარქის ბართლომე პირველის წარმომადგენლებთან შეწყვიტოს ურთიერთობა. გარდა ამისა, აღარ ითანამშრომლოს იმ სტრუქტურებთან, რომლებშიც მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები არიან. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იერონიმმა განმარტა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის სტატუსი ეჭვქვეშ დადგება. ამასთანავე, სინოდმა გადაწყვიტა, რომ ყველა რუსულ ეკლესიაში "უკრაინაში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად" ლოცვა წაიკითხონ. ლოცვის შესაბამისი ტექსტი კი უკვე შეთანხმებულია.

"რუსეთის წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებში ლოცვებში კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღარ მოიხსენიონ", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც BBC წერს, სინოდის სხდომის გახსნისას რუსეთის პატრიარქმა, კირილე პირველმა მსოფლიო პატრიარქი რუსეთის ეკლესიის მიზანმიმართულ განხეთქილებაში დაადანაშაულა.

ერთი კვირის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მოსამზადებელ პერიოდში კიევში თავის ორ წარმომადგენელს გააგზავნის.

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, რუსეთის საპატრიარქო მზადაა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი.

ამ წლის აპრილში უკრაინის საპატრიარქომ ბართლომე პირველს ავტოკეფალიის მინიჭებისთვის მიმართა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.