მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ის ოპონენტები გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის განმარტებები "მოღალატეობრივია".

სალომე ზურაბიშვილმა შტაბის გახსნისას გამართულ ბრიფინგზე ის კითხვები დასვა, რომელსაც მისი თქმით პასუხი უნდა გაეცეს.

"თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არ ვხმარობ და კიდევ მერიდება, რომ ვიხმარო იმათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა, სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა? ვინ დატოვა კოდორში მთელი ჩვენი იმდროინდელი შეიარაღება, ძვირადღირებული და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ იქნება გასაცემი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მის გაპრეზიდენტებაზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ მაინც ის იქნება პრეზიდენტი.

"ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, მე ვიქნები პრეზიდენტი თუ ვინ იქნება, მაგრამ მე ვიქნები, არის დამოკიდებული სხვა რამეზე, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენს დანაშაულებზე, ჩვენი ხელისუფლების, რაც არის ჩვენი, სამწუხაროდ, ასე არის. ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ ჩვენ წინ გვაქვს მომავალი, ჩვენ ამ მომავალში უნდა არა მხოლოდ საქმე ვაკეთოთ, არა მხოლოდ ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, უნდა ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში, რომ კიდევ არ დამაბრალოთ კიდევ რამე, ყველა ჩვენს ძმებს უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ იმათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენს მიმართ, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მედიასაც მიმართა და კითხვების დასმისკენ მოუწოდა, თუ რატომ არ მოუსმინა მაშინდელმა ხელისუფლებამ პარტნიორებს და რატომ არ გამოაცხადა მაშინვე რუსეთი აგრესორად

"ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ", — სვამს კითხვებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ის კანდიდატია, რომელმაც განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო და მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები დაბომბა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპონენტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.