საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია სახელმწიფო ხალხისთვის მიერ წარდგენილ სიაში პრემიერის მონაცემები და ხელმოწერა აღმოაჩინა და ამ მიზეზით პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილ ხელმოწერისგან", — აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით მოქალაქემ განცხადებით მიმართა, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა თავის ხელმოწერის ნამდვილობას.

"ამასთან, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს", — აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, ორივე შემთხვევაში საკითხი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

ნიკოლოზ მაჭუტაძემ On.ge-ს განუცხადა, რომ ბრალდების დეტალებს არ იცნობს და საგანგებო განცხადებას დეტალების გაცნობის შემდეგ გააკეთეს.

"შევისწავლი ყველაფერს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეტევის ნაწილი ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ", — განაცხადა მაჭუტაძემ.