პარლამენტში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, სასულიერო პირები მივიდნენ. კომიტეტზე მომხსენებელია შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

კომიტეტის დაწყებამდე მამა დავით ქვლივიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი, რაც ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად, "როგორც ავღანეთი, როგორც კოლუმბია".

პარლამენტის კომიტეტის სხდომის პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ.

მარიხუანის მოხმარების რეგულირებისთვის შსს-მ ახალი კანონპროექტი შექმნა.

მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები

  • მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება;
  • მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ, ხოლო მათი დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება;
  • მარიხუანის მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული იქნება როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • ნარკოტიკული საშალებების, მათ შორის მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის სანქცია იზრდება;
  • სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული საშალებების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება;
  • მარიხუანის მოხმარების კანონპროექტი სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს;

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.