უარი ქართულად დუბლირებაზე

გუშინ, 20 სექტემბერს ქუთაისში მოქმედმა ერთადერთმა კინოთეატრმა, საქართველომ განცხადა რომ რელიგიური გრძნობების გაფრთხილების მოტივით ფილმ მონაზვნის წყევლას ქართულად დუბლირებულს არ გაუშვებდა. მომხმარებლების პროტესტის შემდეგ კინოთეატრის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გაქრა, თუმცა რამდენიმე საათში ახალი გაჩნდა და წინას წაშლის მიზეზად "ტექნიკური ხარვეზი" დასახელდა.

კინოთეატრის განმარტებით, ხელმძღვანელობამ ნახა ფილმი და გადაწყვიტა, რომ ის აკნინებს რელიგიურ გრძნობებს და ვინაიდან ისინი პატივს სცემენ მორწმუნე ადამიანებს, მიიღეს გადაწყვეტილება, ფილმი ქართულად არ თარგმნონ და მხოლოდ ორიგინალურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გაუშვან.

On.ge კინოთეატრის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ზვიად ნიშნიანიძესთან შეძლო გასაუბრება, რომელმაც მიზეზებზე ისაუბრა.

კინოთეატრის არგუმენტები

იმნაირი მომენტები — არგუმენტი ცენზურისთვის

"მაგალითად, იქ არის ერთ-ერთი მონაზონი "მამაო ჩვენოს" კითხულობს ცოტა იმნაირად, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს რელიგიურ გრძნობებს", — ასე პასუხობს კინოთეატრ საქართველოს წარმომადგენელი ზვიად ნიშნიანიძე On.ge-ს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნია კინოთეატრმა ფილმი რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელად.

"თქვენც უყურეთ და მიხვდებით", — დასძინა მანვე.

აკრძალვის მეორე მიზეზად კინოთეატრში ფილმის ის ნაწილი დაასახელეს, სადაც მონაზონი თავს იკლავს.

"არის იქ მომენტები, რომლებიც ჩვენმა თანამშრომლებმა ნახეს, ცოტა ამ საქმეში რო ერკვევიან. ერთი არის ამ ლოცვებთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა დარღვეულია, ცოტა კი არა ნამეტანი. მეორეა თვითმკვლელობის ფაქტები მონაზვნის და ასე შემდეგ, რომელიც რელიგიურადაც არაა გამართლებული", — აცხადებს ნიშნიანიძე.

კითხვაზე იყო თუ არა სხვა სცენები, რომლის გამოც ფილმი შეურაცხმყოფლად შეფასდა, ასე პასუხობს:

ფოტო: კადრი ფილმიდან

"მე პირადად არ მინახია ეს სცენები, მაგრამ ჩვენ ვეყრდნობით იტალიურ და ესპანურ რეცენზიებს, სადაც მთლიანადაა ნახული და ჩვენს სპეციალისტებს, რომლებმაც თქვეს, რომ შესაძლებელია ამან შეურაცხყოს რელიგიური გრძნობები როგორც მართმადიდებლების ასევე კათოლიკების".

ამ ეტაპზე ფილმი ონლაინ არ გავრცელებულა და მისი ნახვა კინოთეატრებშია შესაძლებელი. თუმცა, რამდენიმე უცხოურ საიტზე ფილმის "მოპარული ვერსიები" ატვირთეს, სადაც ჩანს, რომ ლოცვის დროს მონაზონს კაბა მხართან ეხევა და მას დაღად აჩნდება ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რაც ეშმაკის სიმბოლოდ აღიქმება.

გადაწყვეტილება რეცენზიებზე დაყრდნობით

"ჩვენ ეს ფილმი მივიღეთ მსოფლიო პრემიერამდე 24 საათით ადრე, ესე იგი, მანამდე ეს ფილმი ნანახი არ გვქონდა. ჩვენ, როდესაც ეს ფილმი ვნახეთ, იქ არის გარკვეული სცენები და მომენტები, რომელიც შესაძლებელია შეურაცხყოფდეს გარკვეულ რელიგიურ გრძნობებს მართლმადიდებლების და კათოლიკეების. ამაზე ჩვენ გავითვალისწინეთ ესპანური და იტალიური პრესის რეცენზიები, სადაც ზუსტად იგივე ხედვა იყო, რომ ეს ფილმი შეურაცხყოფს, ნუ იქ ეწერათ კათოლიკეების გრძნობებსო. მაგრამ არაფერი სხვაობა არ არის ამ ნაწილში, ვინაიდან იქ არის იმნაირი მომენტები", — განაცხადა ნიშნიანიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა რას ნიშნავს "იმნაირი მომენტები".

მისივე თქმით, რეცენზიებმა კინოთეატრის წარმომადგენლებს იგივე აზრი აქვთ, რაც "აბსოლუტურად ევროპულ, დასავლურ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ გამოცემებს".

"როდესაც რეცენზია უარყოფითია და პირდაპირ არის მინიშნება, რომ ამან შეიძლება დააზარალოს ვინმეს რელიგიური გრძნობებიო და ამას ჩვენ გვეუბნება წარმატებული დასავლური პრესა, ფიგარო და ასა არ მგონია იმნაირი პრესა იყოს, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ. ჩვენც ვნახეთ ეს ფილმი ამ გაგებით, რადგან მანამდე არ გვქონდა ამის ნახვის საშუალება", — ამბობს ნიშნიანიძე.

თუმცა, ერთადერთი სტატია, რომელიც On.ge-მ ფრანგულ გამოცემა Lefigaro-ზე მოიძია "დაწყველილი ძიძის" შესახებაა. მასალაში წერია, რომ ფილმი ამერიკაში გაყიდვების მიხედვით ლიდერობს.

პოპულარიზაციის აცილება ცენზურა არ არის

"ჩვენ არა გვაქვს უფლება ვიყოთ ცენზორები და ავკრძალოთ საერთოდ ფილმი, ეს პირველი. მეორე, ჩვენ არ გვინდა ამ ფილმს გავუკეთოთ პოპულარიზაცია, აი, რელიგიური გრძნობები, რომ არ შეურაცხყოს ვინმესი. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაკეთებთ ქართულ დუბლიაჟს. ეს ჩვენი ბიზნესპროექტია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ჩვენი საქმე არის გავაკეთებთ დუბლიაჟს თუ არ გავაკეთებთ", — აცხადებს ნიშნიანიძე

რატომ რუსულად?

"ამერიკიდან ფილმები, რომ ჩამოგვდის ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში ვართ გაწევრიანებული ისინი თვლიან ერთ-ერთ ორიგინალ ენად რუსულს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მინდა რომ აღნიშნოთ, ეგებ ვინმე დაგვეხმაროს", — აცხადებს ნიშნიაძე და ამატებს:

"ვინაიდან ჩვენ, ამერიკელების თვალსაზრისით, ამას ხაზი გაუსვით, ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენთან ყველა ფილმი ჩამოდის ორი აუდიოხაზით: ინგლისური და რუსული. თვითონ გვიგზავნიან".

ნიშნიაძის თქმით, სურს მედიამ გაავრცელოს ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ კომპანიებმა ფილმი რუსულად აღარ გამოგზავნონ. ჩვენს კითხვაზე თავად თუ აცნობეს დისტრიბუტორ კომპანიებს ამის შესახებ ის პასუხობს:

ფოტო: კადრი ფილმიდან / The Nun

"რა თქმა უნდა, ბევრჯერ, ოცჯერ და ოცდაათჯერ და უარი მიგვიღია. ამბობენ, ვინაიდან ჩვენ კომპიუტერიზაცია გვაქვს ისეთი, რომ რადგანაც პოსტსაბჭოთააო ენა იდება ავტომატურადო. ამიტომ, ჩვენ მაგაში ფულს კი არ ვიხდით, რომ რუსულად ჩამოგვივიდეს, ესენი ავტომატურად გზავნიან ორ ენაზე. ასე მიდის ჩინეთში, მაგალთად, ინგლისურად და ჩინურად. ჩვენთან რატომღაც, ჩვენდა საუბედუროდ, მოდის ინგლისურად და რუსულად".

ნიშნიანიძის თქმით, კინოთეატრ საქართველოს აქვს კონტრაქტი 7 ამერიკულ კომპანიასთან. მათ შორისაა, Warner Bros, Paramount Pictures, 20th Century Fox და Sony Pictures. ფილმის, მონაზვნის წვეყლა, დისტრიბუციის უფლება კინოთეატრმა Warner Bros-გან იყიდა. On.ge დაუკავშირდა Warner Bros იმის გასარკვევად რა მიზეზით გზავნის საქართველოში რუსულად დუბლირებულ ფილმებს და ავალდებულებს თუ არა კონტრაქტორ კინოთეატრებს მის გაშვებას. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

The Nun — მონაზვნის წყევლა

ფოტო: Warner Bros

მონაზვნის წყველა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული საშინელებათა ფილმის, Conjuring, რეჟისორმა ჯეიმს ვანმა გადაიღო. ფილმის პრემიერას მაყურებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუთმენლად ელოდა, რადგან კრიტიკოსების ნაწილმა ის წლის ყველაზე საშიშ ფილმად რამდენჯერმე მოიხსენიეს.

ფილმის ტრეილერს გამოსვლის დღიდან უწოდებდნენ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სანახაობას და მის ნახვას არ ურჩევდნენ სუსტი გულის მქონე ადამიანებს. მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, YouTube-მა ის ვიდეოებს შორის რეკლამებად მაინც გაუშვა.

აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმის ანონსი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის და მათ ვიდეო პლატფორმას მოუწოდეს The Nun-ის ტრეილერი ვიდეოებს შორის ჩაშვებულ ანონსებად აღარ გაეშვა. YouTube მომხმარებლის მოთხოვნას დაემორჩილა და ანონსი მოხსნა.

მიუხედავად ამისა, ფილმის პრემიერა შედგა და კინოგაქირავების ჰიტადაც იქცა. მონაზონის წყევლამ $233 მილიონზე მეტი შემოსავალი დააგროვა.

მონაზვნის წყევლის ნახვა ქართულად თბილისში, კინოთეატრ არმირანსა და კავეას სამივე კინოთეატრში შეგიძლიათ. ქართულის გარდა კინოთეატრებში ფილმი ინგლისურ და რუსულ ენებზეც გავა.