ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მათ მედიაჰოლდინგში შემავალ სტამბაში — კოლორპაკში პროკურატურის თანამშრომლები დოკუმენტების ამოსაღებად შევიდნენ.

მედიაჰოლდინგის განცხადებით, სტამბაში შესულმა მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია მოითხოვეს. ამასთან, პალიტრამედიის თქმით, ჰოლდინგში შესვლის მოტივი მათთვის უცნობი გამოძიება იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები", —წერია პალიტრამედიის განცხადებაში.

მათივე თქმით, 2011 წელს პალიტრამედიის შემოწმების მსგავსად, საქმიანობის გამჭვირვალობაში ახლაც დარწმუნებული არიან.

"ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება", — ვკითხულობთ ჰოლდინგის განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პალიტრამედიაში პროკურატურის თანამშრომლების შესვლაზე შესახებ თავად ამ მედიიდან გაიგეს და საკითხს არკვევენ.