საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია იბერიასა და ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატის აზრით, საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის.

"ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის, რა არის აქ მთავარი გამოწვევა", — ამბობს დეპუტატი.

რომან კაკულია ფიქრობს, რომ ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა ქართული ოცნების მიმართ.

"ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ, ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა. არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ.მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ", - ამბობს რომან კაკულია.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც იქნება სასარგებლოს ქართული ოცნების გუნდისთვის.

ომეგა ჯგუფის საქმე

პროკურატურის განცხადებით, 12 სექტემბერს, თბილისის პროკურატურამ იბერიას საქმეზე, მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

აუდიოჩანაწერში, რომელიც 10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

ტელეკომპანია იბერიამ 7 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ხელისუფლებამ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა.

ბოლო პერიოდში რუსთავი 2-მა ომეგა ჯგუფის საქმეზე კიდევ რამდენიმე ჩანაწერი გაასაჯარობა, რომელიც გამოძიების საქმის მასალებს პროკურატურამ უკვე დაურთო. დანიშნულია ექსპერტია აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით.

ჩანაწერებში საუბარია ბიზნეს წილების გადანაწილებასა და კონკრეტული თანხების "ოცნების ბიუჯეტში" გადარიცხვაზე. გარდა ამისა საუბარია რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ ომეგა ჯგუფისთვის პრობლემების მოგვარებაზე და ტელეკომპანია იბერიის დათმობაზე. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.

ომეგა ჯგუფმა ლონდონის სასამართლოს სარჩელით მიმართა. კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგომა, ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ომეგა ჯგუფის საქმე შავი პიარის ნაწილია, ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან ბიუჯეტში ფული არ გადაიხადოს. ქართული ოცნების ლიდერებს მიაჩნია, რომ ომეგა ჯგუფი იყენებს ტელევიზიას, რათა თავი დაიძვრინოს ფინანსური ვალდებულებებისგან.

საქართველოს პროკურატურაში ომეგა ჯგუფის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. 28 სექტემბერს ომეგა ჯგუფის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძეც გამოკითხეს.