თანასწორობის მოძრაობა აცხადებს, რომ თავდამსხმელი მეზობლების მხრიდან მომეტებული საფრთხის გამო, თანამშრომლების და ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, ორგანიზაციის ოფისი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემამდე დაკეტილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა:

"იმედია, თავდამსხმელები დროულად აგებენ პასუხს მათ მიერ ჩადენილი ძალდობრივი და მუქარის შემცველი ქმედებების გამო და ჩვენ მალე შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას".

28 ოქტომბერს, 23 საათზე თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.

ორგანიზაციის ცნობითვე, დაზარალებულია სამი ლგბტ აქტივისტი:

"თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე ემუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა.