პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ მისი პარტიის სიით პარლამენტში არჩეული ნატო ჩხეიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული ზაზა ოქუაშვილი მათ მტრებთან ერთად იწყებენ ბრძოლას. ინაშვილმა ამ საკითხზე მას შემდეგ დაწერა ფეისბუქზე, რაც ოქუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თქმით, ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაანახა რა გეგემები ჰქონდათ ცოლ-ქმარ ჩხეიძესა და ოქუაშვილს.

"პირველმა ორმა განცხადებამ ცხადყო, რომ ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა ბრძოლას აპირებენ რუსთავი-2-თან ერთად და ცხადია, ამისი თანამონაწილე იქნებოდა ნაცმოძრაობაც, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა მოცულობით! გუშინ მოცულობაც გახდა ნათელი", — აღნიშნა ინაშვილმა.

მისი თქმით, მისთვის ცნობილი არ იყო რა პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებასთან ჩხეიძისა და ოქუაშვილის ოჯახის კომპანია ომეგა ჯგუფს. ინაშვილი განმარტავს, რომ ჩხეიძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც გაიგეს, რომ მათ ბიზნესს ავიწროებდნენ.

"ქალბატონ ნატოს ვუთხარით, რომ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, მზად ვართ, მასთან ერთად ბრძოლისთვის, მაგრამ ქალბატონ ნატოს ჩვენთვის არც არაფერი გაუმხელია. ჩვენ იმავე დღეს ბრიუსელში გავფრინდით და ბრიუსელში, რუსთავი 2-ის ეთერით გავიგეთ ახალი ამბები. ამგვარად, ნათელი გახდა, რომ ქალბატონ ნატოს არანაირ დეტალებში ჩვენი ჩართვა არ სურდა", — განმარტა ინაშილმა.