2019 წელს, გასული წლების მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეთა სასულიერო განათლებაში რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს საპატრიარქო მიღებული 25 000 000 ლარიდან 23 224 000 ლარს ამ მიმართულებით დახარჯავს.

დაფინანსება ასე გადანაწილდა:

  • სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი — 14 738 000 ლარი;
  • ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 645 000 ლარი;
  • ააიპ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი — 1 768 000 ლარი;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 870 000 ლარი;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — 1 945 000 ლარი;
  • საქართველოს საპატრიარქოს ააიპ ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტი — 1 805 000 ლარი;
  • ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი — 500 000 ლარი;
  • ააიპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსარებელი ცენტრი — 653 000 ლარი.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დარგების მიხედვით განიხილავენ. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი, პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.

2018 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა, რაც 270 200 000 ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.