შაბათს, 6 ოქტომბერს ლონდონის სოთბის აუქციონზე ანონიმური არტისტის Banksy-ის ნახატი "გოგონა ბუშტით" 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად [1,3 მილიონი დოლარი] გაიყიდა.

პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე წამში ნახატმა აუქციონზე დამსწრეების წინაშე "თავი გაინადგურა" და ის დაცვამ მანამ გაიტანა ოთახიდან, სანამ მთლიანად დაიჭრებოდა და ჩარჩოდან ჩამოიყრებოდა.

ამბიდან ცოტა ხანში, ბენქსიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ამაგრებს შრედერს [ქაღალდის გამანადგურებელი] თავისი ნახატის ჩარჩოში.

"'განადგურების მოთხოვნილება შემოქმედებითი მოთხოვნილებაა', - პიკასო", - ასე დაასათაურა ბექნსიმ თავისი პოსტი ინსტაგრამზე.

ვიდეო აღწერით იწყება, რომელშიც არტისტი ამბობს, რომ მან ნახატის ჩარჩოში შრედერი საიდუმლოდ დააყენა, იმ შემთხვევისთვის, თუ ის ოდესმე აუქციონზე გაიყიდებოდა. მობილურით გადაღებულ ვიდეოში ნახატის განადგურების პროცესს ვხედავთ.

უცნობია, როგორ ჩაირთო შრედერი ჩარჩოში და ასევე უცნობია, იყო თუ არა თავად ბენქსი ადგილზე.

როგორ გააცურა მსოფლიო ბენქსიმ

სტენსილი "გოგონა ბუშტით" 2006 წელს შეიქმნა და მოგვიანებით ბენქსიმ ის ტილოზეც გადაიტანა.

"ბენქსის მახეში გავებით", - თქვა სოთბის აუქციონის დირექტორმა და ევროპის თანამედროვე ხელოვნების ხელმძღვანელმა, ალექს ბრანცზიკიმ.

ვიდეომდე, ბენქსიმ ფოტოც გამოაქვეყნა, აღწერით "ქრება, ქრება, გაქრა..."

View this post on Instagram

Going, going, gone...

A post shared by Banksy (@banksy) on

მაშინ, როცა ბენქსი თავისი ხრიკის გამო ხელოვნების სფეროში მოღვაწეებმა შეაქეს, თვითგანადგურებული ნახატის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც www.MyArtBroker.com-ის შემქმნელი ჯო საიერი The Evening Standard-თან ამბობს, ნახატის ღირებულება განადგურების შემდეგ შესაძლოა გაორმაგდეს და ორ მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბოს, რაც მის იდუმალ მყიდველს გულდაწყვეტილს არ დატოვებს.