ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს, 14 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მათ პარტიას ქართული ოცნების 21 წევრი შეუერთდა. მან ამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკისა და მარნეულში მმართველი პარტიის დამფუძნებელებისა და კოორდინატორების ნაწილმა მათთან შეერთება გადაწყვიტა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების შტაბი არ დარჩა რეგიონებში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, უნდა შევჯერდეთ ერთ მთავარ პრინციპზე, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი ხვალინდელი საიმედო დღე და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი რომელსაც ჩვენივე ხელით ჩავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამეტში და როდესაც ფუნდამენტი დაინგრევა, მაშინ შენობის სილამაზეს არანაირი აზრი აღარ ექნება", — აღნიშნა უგულავამ.

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, პირების იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მათი პარტიის წევრები არ ყოფილან.

"მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ ქართული ოცნების ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.