მეჯიქი და სპენი სიდნეის აკვარიუმში ცხოვრობენ. ისინი პირველი გეი პინგვინები არიან, რომლებიც ავსტრალიაში მშობლები გახდნენ.

დაწესებულების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ დაწყვილების სეზონში ისინი ძალიან დაახლოვდნენ და მთელი დროის ერთად გატარება დაიწყეს.

შეყვარებული პინგვინები

შეყვარებულებმა ყინულების ნატეხებისა და ქვების შეგროვება დაიწყეს და იმაზე დიდი ბუდე მოიწყვეს, ვიდრე ორ მოზრდილ პინგვინს სჭირდებოდა.

ბუნებრივად, პინგვინები ამას სწორედ მაშინ აკეთებენ, როდესაც სურთ, რომ შვილი ჰყავდეთ. აკვარიუმის თანამშრომლებმა მათ სათამაშო კვერცხი მისცეს, რომ შეემოწმებინათ, რამდენად სურდათ გეი პინგვინებს შვილზე ზრუნვა.

"ისინი კვერცხის დანახვისთანავე მიხვდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და მისი ინკუბაცია დაიწყეს. ამ ამბავმა ჩვენც კი გაგვაბედნიერა", - ამბობს პინგვინების დეპარტამენტის ზედამხედველი ABC-სთან საუბრისას.

როდესაც პინგვინებმა დაამტკიცეს, რომ საოცარი მშობლები იქნებოდნენ, აკვარიუმის თანამშრომლებმა სათამაშო კვერცხი ნამდვილით შეუცვალეს. მათ სხვა კვერცხებიც დაამატეს და როგორც დაწესებულებაში ამბობენ, წყვილმა ცვლილება ვერ შენიშნა.

საუკუნეზე მეტია, რაც ჰომოსექსუალი პინგვინების არსებობა მეცნიერებმა შენიშნეს, თუმცა ეს აღმოჩენა მაშინვე არ გაასაჯაროეს.

პირველი გეი წყვილი, რომელმაც წარმატებულად გამოჩეკა წიწილა და მასზე ზრუნვა დაიწყო, ნიუ-იორკში, ცენტრალ-პარკის ზოოპარკში ცხოვრობდა. მათ როი და სილო ერქვათ.