რა გვასწავლა არჩევნების პირველმა ტურმა
28 ოქტომბერს არჩევნები არც სალომე ზურაბიშვილს მოუგია და არც - გრიგოლ ვაშაძეს, ამ არჩევნებში საზოგადოებამ გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, შეიძლება გაგიკვირდეთ, ეს რანაირი გამარჯვებააო და ცხადია, ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს. მეორე ტურში გადასული სუბიექტებიდან ერთი საქართველოს საწინააღმდეგო არგუმენტებს აწვდიდა პუტინის რუსეთს, მეორე კი მარიხუანას მომხმარებლებს პედოფილებს ადარებდა. მართლაცდა, რა არის ამ ყველაფერში სასიხარულო?
პირველ რიგში ის, რომ საზოგადოებამ ცხადად დააფიქსირა - დანიშნული პრეზიდენტი მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელია. თან - დანიშნულიცაა და დანიშნულიც. როგორც აღმოჩნდა, ამომრჩევლებს უბრალოდ არ მოსწონთ, როცა პოლიტიკოსები სულელებად თვლიან ხოლმე. სალომე ზურაბიშვილის მთელ კამპანიას კი სწორედ ეს ქედმაღლობა გასდევდა ფონად. გაიხსენეთ მის მიერ ნათქვამი ფრაზები: "პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით" ან თუნდაც, "მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები". იგივე ტონი იგრძნობოდა "დამოუკიდებელი კანდიდატის" მხარდაჭერა-არმხარდაჭერასთან დაკავშირებულ ყოყმანში, როცა მსგავსი ფარსი ერთხელ უკვე გათამაშდა. 2016 წელს ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში სალომე ზურაბიშვილს კონკურენტი არ დაუყენა და ამით გამარჯვება გადაულოცა.
ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებელ კანდიდატზე, როგორც კონცეფციაზე, რამდენიმე მიზეზით შეაჩერა არჩევანი: პირველ რიგში, მან წინა შეცდომებზე ისწავლა. პრეზიდენტს ისე თავისუფლად ვერ მოხსნი, როგორც პრემიერ-მინისტრს და როცა შენ მიერვე არჩეული კანდიდატი ზურგს გაქცევს, ეს ხალხის თვალში სწორედ იმ მენეჯერულ სისუსტეზე მიუთითებს, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერი საკუთარ "კანიოკად თვლის". მეორედ ასეთი შეცდომის დაშვება მისთვის მიუღებელი იქნებოდა. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ქალი პრეზიდენტი დასავლეთისთვის მომხიბვლელ "შეფუთვად" ჩაითვალა, იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილს ქალთა საკითხებზე კამპანიის დროს საერთოდ არ უსაუბრია. ამ კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მშვიდად იგრძნობდა თავს, რადგან ის არც ვეტოებით დაუწყებდა ბრძოლას და არც საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ გადაწყვიტა, სურვილებთან კომპრომისზე არ წასულიყო. ქართულ ოცნებას ვინმე სხვა, უფერული კანდიდატი რომ ჰყოლოდა (მაგალითად, მამუკა ბახტაძის ან ირაკლი კობახიძის მსგავსი) შესაძლოა, პირველივე ტურში ეზეიმა გამარჯვება. ტესტი: აბა, რამდენად ცუდი კანდიდატი შემიძლია ავარჩევინო ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომწონს? ქართული ოცნების ლიდერისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა.
სალომე ზურაბიშვილი რამდენჯერმე გასცდა პოლიტიკური გემოვნების სფეროს და არასახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა. მისი სისტემატური ბრალდებები საქართველოს მიერ 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მტკივნეულად გაისმა ომიდან 10 წლის თავზე, ანტიოკუპაციური კამპანიების, ილუსტრაციებისა თუ ვიდეოების ფონზე. დამოუკიდებელ კანდიდატს არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოეწონა და ის ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არასერიოზულად მოიხსენია. არადა, რიგითი ქართველებისთვის მთელ ფრანკფურტში გამოფენილი ქართული ანბანი და სპეციალურად ამ მოვლენისთვის თარგმნილი შოთა რუსთაველი, დავით კლდიაშვილი, ვაჟა-ფშაველა და მიხეილ ჯავახიშვილი ამაღელვებელი იყო, ამ სიამაყის არარსებობამ კი სალომე ზურაბიშვილის, როგორც უცხო ადამიანის შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა.
როგორც აღმოჩნდა, მტრის ხატიც აღარ მუშაობს. "ცხრა წელი" ხელისუფლების მოსვლიდან "ექვსი წლის თავზე" განსაკუთრებით დიდ პერიოდად აღარ ჩანს და თან მაშინ, როცა დაპირებული ეკონომიკური სასწაული არ შედგა, თავისუფლება კი მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.
რა გვასწავლა გუშინდელმა არჩევნებმა ჩვენ, როგორც ამომრჩევლებს?
პირველ რიგში ის, რომ არასდროს არაფერია შეუქცევადი და მოქალაქეების ჩართულობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. გაიხსენეთ, რამდენჯერ მოისმინეთ წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან თუ პოლიტიკური პროცესების მცოდნე ტაქსისტებისგან, რომ "მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია". როგორც აღმოჩნდა, თუ არჩევნებზე მისვლას ყველა პირად ვალად ჩავთვლით, ადმინისტრაციული რესურსი და ფინანსური მხარე მის შედეგებს ვერ გადაგვიწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა ამჯერადაც ვერ აცდა 50%-ს, არჩევნებზე დაახლოებით იმდენივე ადამიანი მივიდა, რამდენიც 2013 წელს, მაშინ კი მიხეილ სააკაშვილის გადარჩევის მოტივაცია ბევრად უფრო მაღალი იყო.
მეორე რიგში ის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მნიშვნელოვანია. ეს არის გზა, რომ მოქალაქეებმა ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას და გამოხატონ, თუ არჩეულ გეზს არ ეთანხმებიან. მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე რაოდენობრივად მეტი შანსი გვქონდა ჩვენი არჩევანის დასაფიქსირებლად, ამიერიდან კი ნაკლები გვექნება. თუ ხალხს ერთი საპარლამენტო არჩევნებიდან მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი ნების გამოსახატად ბერკეტი არ ექნება, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, სადაც ბიულეტენების დათვლის ნაცვლად, დავითვლით, საშუალოდ რამდენი კაცი იდგა კვადრატულ მეტრზე, ეს კი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს ამ შედეგებიდან ქართულმა ოცნებამ?
ის, რომ თაიგული წინასწარ არ უნდა იყიდო და ეგზიტპოლები საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს არ უნდა დაუკვეთო. ხელისუფლებამ არასწორად შეაფასა ხალხში არსებული განწყობა: რაც აქამდე მუშაობდა, აღარ მუშაობს და რეალური ეკონომიკური წინსვლის გარეშე ყოველ შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო გაჭირდება არჩევნების მოგება.
აღარც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მოქმედებს ხალხზე მალამოსავით. ახლა, როცა ის კულისებიდან კი არა, რეალურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ხელისუფლების შეცდომები მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაც გახდა, ჟურნალისტებთან დაგეგმილმა ინტერვიუმ კი დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.
მეორე - თუ ხალხში უკმაყოფილება იმატებს, მესამე ძალის გარეშეც შეიძლება ხელისუფლების გადარჩევა. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობაც სწორედ იმიტომ იყო საკუთარ ძალაუფლებაში დარწმუნებული, რომ გარშემო ანგარიშგასაწევი ძალა არ ეგულებოდა, თუმცა როცა უკმაყოფილებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხალხმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა და არა, მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანისა და ზაქარია ქუცნაშვილის სასარგებლოდ.
მესამე - ინტელიგენციის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას არავითარი რეალური ძალა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს უკვე დარწმუნებით შეუძლია ჩათვალოს, რომ სულ ტყუილად აფინანსა წლობით ცნობილი მსახიობებისა თუ მომღერლების ოჯახები. ახალგაზრდების გააქტიურებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება, ვის უჭერს მხარს თემურ თათარაშვილი ან ხათუნა ჟორდანია. უკვე ყველამ გაიგო, რომ ქართულ ინტელიგენციას კონკრეტული ტარიფები აქვს და თუ საკმარის თანხას მოვაგროვებთ, ნებისმიერი სიტყვა შეგვიძლია ვათქმევინოთ კამერაში სრულიად სერიოზული სახეებით (რაც, თავისთავად, სულაც არ იქნება ცუდი სოციალური ექსპერიმენტი).
რა შეიძლება ისწავლოს გუშინდელი შედეგებიდან ოპოზიციამ?
ცხადია, გუშინდელი შედეგები ოპოზიციური აზრის, უფრო კონკრეტულად კი - გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვებაა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობისთვის სახიფათო იქნება, თუ ჩათვლის, რომ ვაშაძისთვის მიცემული ხმები მისთვის მიცემული ხმებია. ამ არჩევნებზე ამომრჩევლების მთავარი მიზანი იყო, არ დაეშვათ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული პრორუსული კანდიდატის გამარჯვება და ძალაუფლების ყველა შტოს ერთ ხელში მოქცევა. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ბევრი ისეთი ადამიანისთვისაც მიუღებელი იყო, ვინც, მაგალითად უპრობლემოდ მისცა ხმა კახი კალაძეს. საპარლამენტო არჩევნებზე კი, სადაც მთავარი ბრძოლა შედგება, სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება.
უკვე დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამჯერადაც გაგრძელდა და სასურველ კანდიდატს ღირებულებების გამო ძალიან ცოტა ადამიანმა მისცა ხმა. ოცნებისა და ნაციონალების კანდიდატებმა საერთო ჯამში ხმების თითქმის 80% აიღეს და ამ ორივე შემთხვევაში ხმა ვიღაცის სასარგებლოდ კი არ იყო მიცემული, არამედ - სხვის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერაც არ უპოვია კანდიდატი, რომელიც მის პოლიტიკურ შეხედულებებს გააჟღერებს და ამიტომ უწევს, უბრალოდ ვიღაცის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამ მხრივ ოპოზიციურად განწყობილ აუდიტორიაში დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ახალი კოალიციები და პარტიები შეიქმნას.
მეორე ტურისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება იმ ამომრჩეველთა პოზიციაც, რომლებმაც არც სალომე ზურაბიშვილს მისცეს ხმა და არც - გრიგოლ ვაშაძეს. მათი ხმები მხოლოდ ოპოზიციურ კანდიდატს არ დაემატება.
და თუ მეორე ტურში გადასული არც ერთი კანდიდატი არ მომწონს?
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ნიჰილიზმი ამ სიტუაციაში ხელისუფლების საუკეთესო მეგობარია. "მაინც არაფერი შეიცვლება", "პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური ფუნქციები აქვს" და ასე შემდეგ, ის არგუმენტებია, რომელთა არსებობაც ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. პრეზიდენტის ინსტიტუტი სულაც არაა უმნიშვნელო და ამაში ქართული ოცნების მიერ წინასწარ ნაზეიმებმა გამარჯვებამაც დაგვარწმუნა.
ამ მომენტში, როცა შედეგები უკვე გამოცხადებულია, ის ადამიანები, რომლებმაც ხმა ზურა ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილსა და დავით ბაქრაძეს მისცეს, იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან არც ერთი არ გამოხატავს, მათი, როგორც მოქალაქეების ხმას, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს.
თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად არჩევანს არ აკეთებ, თანაც, როგორც არ უნდა ვეცადოთ, თანაბარ ბოროტებად დავხატოთ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების კანდიდატები, აქედან მხოლოდ ერთისგან არსებობს საფრთხე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციებს შეუქცევადად დააზარალებს.
ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას გამუდმებით ემახსოვრება, რომ სწორედ ხალხის წინაშეა დავალებული და არა - ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ეს ის ბალანსია, რომელიც, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილმა შექმნა და რომლითაც ქვეყანამ მხოლოდ იხეირა.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ პროგრამებისა და ღირებულებების ნაცვლად, ადამიანებს ვირჩევთ. ამჯერად კი ადამიანების ნაცვლად, სულ სხვა არჩევანის გაკეთება გვიწევს და ეს არჩევანი ასე ჟღერს: მთელი ქვეყანა მოვაქციოთ ბიძინა ივანიშვილის ხელში თუ - არა.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
კომენტარები