ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა 39 წლის ქართველ კაცზე, მამუკა ხეცურიანზე, რომელსაც ბრალად ქალის მკვლელობა და გაუპატიურება ედება. ინფორმაცია განთავსებულია ინტერპოლის საიტზეც. ხეცურიანი პოლონეთში ემიგრანტის სტატუსით იმყოფებოდა.

როგორც პოლონური გამოცემა Najwyższy CZAS! წერს, მსხვერპლი 28 წლის პოლინა დინკოვსაა. გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობის მეორე დღეს ხეცურიანმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულმა სახლი პარასკევს, 19 ოქტომბერს დატოვა და მასზე ძებნა 20 ოქტომბერს გამოცხადდა. ის ქუჩის კამერამ უცნობ კაცთან ერთად დააფიქსირა, რომელიც, სავარაუდოდ ხეცურიანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამუკა ხეცურიანს ინტერპოლი ეძებს. უწყების ცნობით, დამატებითი ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის ინიციატორი არის პოლონეთი, ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.