"ამ შემთხვევაში ვღებულობთ ვაშაძის სახით ტროას ცხენს, რომელიც როცა ხვდება პრეზიდენტის სასახლეში, მისი მუცელი იღება და იქიდან გადმობრძანდებიან ჩემს მიერ დასახელებული ბატონები იმ ზონდერებთან ერთად, რომლებიც აქ მასკებით დარბოდნენ თბილისში", — ასე განმარტა ქართული ოცნების დეპუატმა გედევან ფოფხაძემ თავისი სიტყვები სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შესახებ.

როგორც ფოფხაძემ On.ge-ს უთხრა ვაშაძის დაპირებები მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვების შეწყალების შესახებ მიანიშნებს ამ საფრთხეზე. მისივე თქმით, ეს საზოგაოდებამ არ უნდა დაუშვას.

დღეს, 30 ოქტომბერს გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დასაწყებად. მისი თქმით, ამაში დარწმუნებული არის და საფუძველს აძლევს ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული განწყობა.

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არანაირი სამოქალაქო ომი არ დაიწყება და ამის გარანტი ხელისუფლება იქნება. მმართველი პარტიის ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი ფოფხაძის განცხადებას ემოციური უწოდა და აღნიშნა, რომ ცალკეული დეპუტატების სიტყვები არ ნიშნავს ხელისუფლების დამოკიდებულებას, თუმცა თავადაც ფოფხაძის აზრი გაიმეორა.