ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს თავდაცვითმა შეიარაღებამ შეაშფოთა სიცრუეა.

საელჩოში ამბობენ, რომ ბოტლონის საქართველოში ვიზიტი წარმატებული იყო და ეს არის მორიგი მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას. მათი თქმით, ბოლტონის ვიზიტმა ხელი შეუწყო პარტნიორობის განვითარებას, მათ შორის თავდაცვის საკითხებში.

თავდაპირველად ინფორმაცია ბოლტონის ვიზიტისა და შეშფოთების შესახებ ვებგვერდმა REPORTBLOG.COM-მა გაავრცელა. საელჩოში ამბობენ, რომ აღნიშნული ბლოგი საეჭვო წარმომავლობისაა.

ვებგვერდის დომეინი 2018 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა და მასზე სულ რამდენიმე მასალაა გამოქვეყნებული.

სტატიაში წერია, რომ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტის დროს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს განმარტება მოსთხოვა რუსეთისთვის გადაცემული ჯაველინების ტიპის იარაღის გამო. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ ბოლტონმა გააფრთხილა საქართველოს მთავრობა აშშ-სთან პარტნიორობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ.

სტატიაში ასევე წერია, რომ მათი გავრცელებული ინფორმაცია თეთრი სახლის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა. ამ წყაროზე დაყრდნობით ავტორი აცხადებს, რომ ბოლტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ იყო და გადაუდებელი საჭიროების გამო გაიმართა. პოზიციის გასამყარებლად აღნიშნული ვებგვერდზე სტატიასთან ერთად გამოქვეყნებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ფოტომასალა.

On.ge ცდილობს დაუკავშირდეს თავდაცვის სამინისტროს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.