ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და მერის ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი.

"შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი — რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის", — განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პირის სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. ზუგდიდის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის "პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს". ლაშა გოგია ბოლოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.