ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ქრთამის აღების ბრალდებას არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატი, მერაბ მამულაძე ამბობს, გოგია დარწმუნებულია, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი, ასევე, აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.

ზუგდიდის ყოფილი მერი და მერის ყოფილი მოადგილე ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი. ზუგდიდის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის "პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს". ლაშა გოგია ბოლოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო.