ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "ძველ გვარდიას", გაბრაზებულ თანამებრძოლებს მიმართავს. მმართველობის 6 წლისთავზე ის დებს პირობას, რომ "ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ".

"ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", — აღნიშნა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ერთად შეძლებენ ადამიანზე ორიენტირებული ქვეყნის აშენებას.

ქართული ოცნების "ამომრჩეველთან შერიგება"

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქართული საზოგადოებისგან მიიღო მკაფიო გზავნილი მათ დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ, მეორე ტურის წინ მმართველმა პარტიამ "ამომრჩეველთან შერიგება" გადაწყვიტა.

პარტიის ოფისში ივანიშვილთან ერთად შეკრებილებმა ამისთვის სხვადასხვა გზები განიხილეს. მაგალითად, დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

პრემიერმა კი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე გაუზრდიან.

ხელისუფლებამ გაითვალისწინა საქართველოს საპატრიარქოს ინტერესებიც და პატრიარქთან შეთანხმებით, მეორე ტურის წინ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი გაიწვია. კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა.