ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეიბს.

მათი თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ყოფილ აუდიტორს დღეს, 6 ნოემბერს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. თუმცა, მათივე თქმით, აქამდე ამაზე არაერთხელ მიმართეს საგამოძიემო ორგანოს. ცენტრის იურისტები ვარაუდობენ, რომ პროკურატურის გააქტიურება, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიება მიმდირეობდეს საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლით და მონაწილეობით, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს — სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას.

ცენტრის იურისტების განცხადებით, გამოძიება არ დაინტერესებულა იმით, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს თორდიას ცემის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ გუშინ, 5 ნოემბერს იმსჯელა.

გენერალური აუდიტორის ცემის საქმე

2017 წლის 13 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორდია თავდასხმას თავისი სამსახურის მიერ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შორის ინციდენტი კერძო დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენებით განეიტრალდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 22 მაისს თქვა, რომ პირველმა ხელი თორდიამ მოიქნია. ლაშა თორდია კი საპირისპიროს ამტკიცებს.