დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზაზა სარალიძის საქმე განიხილებოდა, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრა მოითხოვა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი.

პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ზაზა სარალიძეს არ ედავებიან მხოლოდ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის პოლიციელისთვის ჩარტყმას. მისი განცხადებით, სარალიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაშიც აგრძელებდა პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

28 ნოემბერს, მაშინ როცა სარალიძე გაათავისუფლეს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით უნდა მიემართათ სასამართლოსთვის.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარალიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

რატომ დააკავეს ზაზა სარალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძის დაკავების შემდეგ აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად "ცოცხალი კარვების" პერფომანსი დადგეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზაზა სარალიძეს ეს უფლება შეუზღუდეს. ის თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 46 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.

მოგვიანებით, შვილმოკლული მამა პოლიციის შენობაში შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

შვილმოკლული მამების სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქციები თბილისში უკვე 47-ე დღეა მიმდინარეობს.