მეორე ტურის თარიღი ჯერჯერობით ისევ უცნობია, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება, როგორ მანიპულირებენ პოლიტიკოსები მტკივნეული თემებით, ანთხევენ ზიზღს და ავრცელებენ გაყალბებულ ჩანაწერებს. თუ გინდათ, რომ არჩევნების დღემდე ცოტათი მაინც გაერიდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოს და დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ, თქვენთვის სამი კარგი წიგნი გვაქვს, რომლებიც სამყაროზე და მასში ჩვენს ადგილზე დაგაფიქრებთ.

1. ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი - რატი მუჯირი

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ჟურნალისტი რატი მუჯირი იმ პროფესიონალებს მიეკუთვნება, რომლებიც ცხელ წერტილებში მუშაობას არ გაურბიან. მისი პირველი წიგნი ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი სირიის საზღვარზე განვითარებული ამბების შესახებ გვიყვება. წიგნის ყველა პერსონაჟი და ისტორია ნამდვილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ მოვლენების მშრალ აღწერას შეხვდებით. როგორც დოკუმენტური პროზის საუკეთესო წარმომადგენლებს შეეფერებათ, რატი მუჯირიც საოცარი მწერლური ოსტატობით გვაჩვენებს ომში ცხოვრების სირთულეებს და გვიყვება ამბებს, რომლებიც ხშირად კადრს მიღმა რჩება.

"2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში.

ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია", - ამბობს რატი მუჯირი.

"დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია. გავიხსენოთ თუნდაც ხალიდ ჰოსეინი ან ალექსეევიჩი. ისინი ისე აღწერენ რეალობას, რომ ეს სცდება უბრალოდ ჟურნალისტიკას და გადადის იმ ტიპის ლიტერატურაში, რომელიც აქცენტს რეალიზმზე აკეთებს. რატი მუჯირიც სწორედ ასეთი ავტორი გახლავთ, რომელიც ძალიან ზუსტად, ძალიან მკაფიოდ, კონკრეტულად გვიყვება ამბავს. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს მკითხველი ამ წიგნით, უცნაურ სიამოვნებას, რადგან მძიმე საკითხავია, მაგრამ ავტორი აუცილებლად დაგაფიქრებთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში არ არსებობს შორეული ომები. ყველა ომი ყოველთვის ახლოსაა", - ასე აღწერს წიგნს მწერალი ლაშა ბუღაძე.

წიგნის ფასი 9.90₾-ია.

2. რასაც თან დაათრევენ - ტიმ ო'ბრაიენი

ფოტო: Stephanie Schulz / Texas State University

ჯარისკაცები ომის დროს ბევრ რამეს დაათრევენ თან: 2-კილოგრამიან მეტალის ჩაფხუტს, 3-კილოგრამიან ქურთუკს, 4-კილოგრამიან თოფს, დროშას, პროკლამაციებს, ინფექციებს, კონსერვის სახსნელს, ჯიბის დანას, მარილს, სანთებელას, თამბაქოს, ოჯახის წევრების სურათებს, ხელყუმბარას, სპირტსა და ტკივილგამაყუჩებლებს, ხანდახან - ერთმანეთსაც, თუმცა მთავარი, რასაც ისინი თან დაატარებენ, ნივთების ამ ჩამონათვალში არ წერია, თუმცა კი უმძიმეს ტვირთად დასწოლია თითოეულ მებრძოლს.

დიოგენეს "ამერიკელების" სერიის მომდევნო წიგნში რასაც თან დაათრევდნენ ტიმ ო'ბრაიენი ვიეტნამის ოში ერთი ოცეულის ჯარისკაცების თავგადასავალზე მგვითხროს. ავტორმა - თავად ვიეტნამის ომგამოვლილმა ვეტერანმა ამ მოკლე მოთხრობების ერთ კრებულად გაერთიანებით ომის აბსურდულობის მკაფიოდ წარმოჩენა და მკითხველებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.

"ახლაც კი ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ მომხდარში. ზოგჯერ ვახერხებ და ვპატიობ საკუთარ თავს, სხვა დროს – ვერავითარ გამართლებას ვერ ვუძებნი.. ცხოვრება თავისი გზით მიდის და ხშირად აღარც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ზოგჯერ, როცა გაზეთს ვკითხულობ ან უბრალოდ, მარტო ვზივარ ხოლმე ოთახში, თავს ავიღებ და მეცინება კიდეც: თითქოს ის ახალგაზრდა კაცი ხელახლა გამოდის დილის ნისლიდან გზაზე, მე კი თვალს ვადევნებ, როგორ მოაბიჯებს მხრებში მოხრილი, გვერდზე თავგადადებული, მერე რამდენიმე ნაბიჯით გამცდება, თითქოს რაღაც თავის იდუმალ საფიქრალზე ეღიმება და აუჩქარებლად აგრძელებს სვლას იქით, სადაც გზა ისევ ნისლში იკარგება", - წერს ავტორი.

წიგნის ფასი: 15.90₾

3. შენ ფანჯარაში დამინახავ - დანიილ ხარმსი

"ლიტერატურაში აკადემიური მწერლების გარდა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა", - წერს მანანა მენაბდე, რომელმაც ხარმსი ქართულად თარგმნა.

მართლაც, მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა სამოციანი წლების ბოლოს ხარმსი აღმოაჩინა. არა ის ხარმსი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის ქვეშ საბავშვო ლექსებს წერდა, არამედ თავისებური იუმორის მქონე, თვითმყოფადი შემოქმედი, რომელსაც სიცოცხლეში არაფერს მნიშვნელოვანს არ უქვეყნებდნენ.

ხარმსის ცხოვრება თავისთავად არის მაგალითი იმისა, როგორ ექცეოდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის და მით უფრო, ასეთი ქვეყნის მსახურება არ უნდოდათ.

დანიილ ივანოვიჩ ივაჩევი მაშინდელ ლენინგრადში დაიბადა, მამამისი რევოლუციური ჯგუფის წევრი იყო და მისი დაბადების მომენტისთვის ციხეში იჯდა მეფის წინააღმდეგ ამბოხებისათვის.

ფსევდონიმი, როგორც ამბობენ, ჰოლმსიდან მოვიდა. ვიზუალურადაც ჰგავდა შერლოკ ჰოლმსს და ადამიანებზე დაკვირვებაც უყვარდა. კარიერის განმავლობაში სხვა ფსევდონიმებსაც იყენებდა: დანდანს, ხორმსს, ჩარმსს, შარდამს და ხარმს-შარდამსაც.

1924 წელს ლენინგრადის ელექტროტექნიკუმში ჩააბარა, საიდანაც "საზოგადოებრივ ღონისძიებებში არასაკმარისად ჩართულობის გამო გარიცხეს". ხარსმი 1931 წელს დაიჭირეს და კურსკში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გადაასახლეს. მას საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირებული საბავშვო მწერლების ჯგუფის წევრობას ედავებოდნენ და ამ ბრალდების განსამტკიცებლად მისი ნაწერები მოჰყავდათ. გადასახლებიდან დაბრუნებულმა ხარმსმა ისევ გააგრძელა საბავშვო გამოცემებისთვის წერა, მოთხრობებს კი თავისთვის ინახავდა.

ორი ადრეული ლექსის გარდა, ხარმსის "ზრდასრული" ნაშრომები მისსავე სიცოცხლეში არასდროს დაბეჭდილა. დღეს სალაპარაკოც არაფერი გვექნებოდა, მისი ხელნაწერები ლენინგრადის ბლოკადაში განადგურებისგან მწერლის ერთგულ მეგობარს რომ არ გადაერჩინა და 1960-იან წლებამდე საიდუმლოდ არ შეინახა.

1941 წელს ხარმსი მტრული განწყობის გავრცელებისა და მარცხის მოსურნეობისთვის დაიჭირეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (NKVD) ოქმებში. ამ ჩანაწერების თანახმად, ხარმსს უთქვამს: "საბჭოთა კავშირმა ომი პირველსავე დღეს წააგო. ლენინგრადი ან დაეცემა, ან დაიბომბება და ქვა ქვაზე აღარ დარჩება. თუ მე მიბრძანებენ, ომში ჩავერთო, ოფიცარს სახეში დავარტყამ და უფლებას მივცემ, მესროლოს, მაგრამ ფორმას არასდროს ჩავიცვამ და საბჭოთა ძალებშიც არასდროს ვიმსახურებ".

იმისთვის, რომ გადასახლებას გადარჩენილიყო, ხარმსმა თავი მოიგიჟიანა და მას საბოლოოდ ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში უკრეს თავი, სადაც 1942 წელს შიმშილით მოკვდა, სულ რაღაც 37 წლის ასაკში. ეს სწორედ ის დასასრული იყო, რომლისაც მწერალს ასე ძალიან ეშინოდა: მარტოობაში, სასოწარკვეთილებასა და სიბნელეში.

ხარმსის სამყარო არაპროგნოზირებადი და დანაწევრებულია: პერსონაჟები აბსურდულ საქციელს ისევ და ისევ იმეორებენ და სხვადასხვა შედეგს მოელიან, თითქოს სადღაც ჩნდება სწორხაზოვანი სიუჟეტის განვითარების ჩანასახი, მოულოდნელად კი რაციონალურ თხრობას სიზმრისეული ეპიზოდი ანაცვლებს, სადაც პუშკინი და მისი ვაჟი სკამებიდან ცვივიან, ან რაღაც ისეთი კატასტროფა ხდება, რომელიც მოთხრობის ყველა გმირს სხვადასხვა მიმართულებით ისვრის.

ხარმსის მოთხრობები სშირად მხოლოდ რამდენიმე აბზაცისგან შედგება და მათში სიღარიბისა და უსუსურობის განცდა კომიკურ სიტუაციებს ენაცვლება. ეს საბჭოთა კავშირის ემოციური აღქმაა, რომელსაც მწარე გაღიმების გარეშე ძნელად თუ გაუსწორებდა ადამიანი თვალს. ხარმსი პირდაპირ არასდროს ყვება, მაგრამ მთელი მისი აბსურდი და ირონია სინამდვილეში იმ ტრაგიკული ბედის ალეგორიაა, რომელსაც არასწორ დროსა და ადგილას დაბადება ჰქვია.

მაგალითისთვის, წაიკითხეთ მოთხრობა, რომელსაც წითური კაცი ჰქვია

"იყო ერთი წითური კაცი, რომელსაც ყურები და თვალები არ ჰქონდა. არც თმა ჰქონდა, ასე რომ, წითური პირობითად შეარქვეს. ლაპარაკიც არ შეეძლო, რადგან არც პირი ჰქონდა, არც ცხვირი. წარმოიდგინეთ, არც ხელები და ფეხები. არც მუცელი, არც ზურგი, არც ხერხემალი და არც შიგნეულობა.

არაფერი ჰქონდა. ასე რომ, გაუგებარია, ვისზე ვსაუბრობთ. სჯობს, მასზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ"

გაიგეთ მეტი ამ და სხვა წიგნების შესახებ შაბათის შუადღის ბოლო გადაცემიდან.