სწრაფი და ეფექტური გამოძიება — NGO-ების პასუხი ზურაბიშვილის მიმართ სავარაუდო მუქარაზე
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს მოკვლით ემუქრებიან. მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისთვის უკვე მიმართა, ხოლო არასამთავრობო სექტორს დახმარება სთხოვა. პრეზიდენტობის კანდიდატმა არასამთავრობოები შეხვედრაზეც მიიწვია, სადაც უშუალოდ გააცნობს მუქარასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სასტუმრო რუმსში შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები მუქარის შესახებ განცხადებას განცხადებებითვე პასუხობენ. NGO-ების პოზიციით, ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება და არა, სამოქალაქო სექტორს. თუმცა, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის მუქარაზე გამოძიება ეფექტურად და სწრაფად უნდა წარიმართოს.
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულია. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს დროულად და ეფექტურად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი.
სამართლიანი არჩევნები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ISFED-ის განცხადებით, ისინი აქამდეც გამოხატავდნენ შეშფოთებას პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა", — აცხადებენ ISFED-ში.
საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ერთნაირად აკვირდებოდნენ, როგორც ოპოზიციით, ისე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ გამოვლენილ დარღვევებს. ირმა პავლიაშვილის თქმით, ისინი კანონით დადგენილ ნორმებში რეაგირებისთვის მიმართავდნენ შესაბამის პირებს, წერდნენ საჩივრებს და ავრცელებდნენ განცხადებებს, სიძულვილის ენასა და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შესახებ.
"წინასაარჩევნო პერიოდში ვაკვირდებოდით კამპანიების მიმდინარეობასაც და არაერთი ფაქტი გამოვკვეთეთ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისშემშლელ ფაქტორებს ჰქონდა ადგილი და რეაგირებისთვისაც მივმართეთ შესაბამის პირებს", — აცხადებს პავლიაშვილი.
ირმა პავლიაშვილის თქმით, ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.
"მნიშვნელოვანია, რომ მუქარის შემცველ ფაქტებს, სიძულვილის ენის გამოყენებას, უკანონო აგიტაციას, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ნეგატიური გავლება აქვს მშვიდ საარჩევნო გარემოზე. კამპანიური ღონისძიება აღებული უნდა იყოს ხედვების, იდეებისა და პოზიციის წარმოჩენაზე და დაცლილი იყოს სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან, იგივე მუქარა ძალადობისგან", — უთხრა On.ge-ს ირმა პავლიაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის ოჯახზე მუქარა მიუღებელია და გამოსავალს მსგავსი ქმედებების სწრაფად გამოძიებაში ხედავს.
"ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე იზიარებს სხვა არასამთავრობოების პოზიციას და ამბობს, რომ ამ პროცესში ყველაზე მთავარი როლი არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ შსს-ს აქვს.
"მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს შედეგები, რომელიც გამოძიებას ექნება. მე მესმის, როცა ადამიანს ემუქრებიან და ეს ადამიანი მუქარას რეალურად აღიქვამს, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქ ყველაზე მთავარი როლი არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ შსს-ს აქვს", — აცხადებს ის.
გიორგი მშვენიერაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ არასამთავრობოების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ მან სიძულვილის ენის დეფინიცია სწორად არ ესმის.
"სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის გამოხატვის საზღვრების შეზღუდვა ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ ან მსგავსი ნიშნებით გამოხატულ სიძულვილს ეხება, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მიმართ უარყოფით განწყობებს ახალისებს. აქ არ მოიაზრება პოლიტიკური შინაარსი, რადგან პოლიტიკური მოტივით შესაძლოა ადამიანები ერთმანეთს ვერბალურად თავს ესხმოდნენ, გამოხატავდნენ კრიტიკას და შესაძლოა, მათი გამოხატვა შეურაცხყოფის ზღვარსაც აღწევდეს, ასეთია დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოცდილება", — აცხადებს მშვენიერაძე.
ის განმარტავს, რომ როცა არასამთავრობო სექტორი სიძულვილის ენაზე საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკოსების ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გამოხატვას გულისხმობს და არა პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთზე იერიშის მიტანას.
სახალხო დამცველი
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს თავადაც პერმანენტულად იღებს.
"ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ, მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას", — ამბობს ლომჯარია.
მისი თქმით, სახალხო დამცველს "შუბლის გახვრეტით" და "სნაიპერის ტყვიით" ემუქრებოდნენ და მის მიმართ უცენზურო სიტყვებსა და გამონათქვამებს იყენებდნენ.
"ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე", — ამბობს ომბუდსმენი.
რეაგირება
საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და მუქარის მუხლით დაიწყო. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სალომე ზურაბიშვილი VS არასამთავრობოები
სალომე ზურაბიშვილის "გაუგებრობა" არასამთავრობოებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ოქტომბერს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ამ განცხადების გამო 15-მა NGO-მ ზურაბიშვილი გააკრიტიკა და მისი განცხადება ქსენოფობიურად შეაფასა.
ზურაბიშვილმა არასამთავრობოებს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე უპასუხა. ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ "არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გაილაშქრეს" არასამთავრობოებმა, რომელთაც "მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ დაუძრავთ".
ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს პატივს სცემს და "როგორც პრეზიდენტს", მათთან ურთიერთობა დასჭირდება.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები