ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებსა და საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლზე აპელირებს, ამტკიცებს რომ მართებული, კანონის მათეული ინტერპრტაციაა. გია აბაშიძის თქმით, ამ მუხლში საუბარია პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურზე და არა — მეორეზე. მისივე თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა, აღმოჩნდება რომ საქმე, პოლიტიკურ სპეკულაციებთან გვაქვს.

"კანონმდებლობით, ცესკოს შეეძლო შედეგების შეჯამება დედლაინით განსაზღვრულ ვადაში, 17 ნოემბერს. თუმცა, ეს მოხდა კანონით დადგენილ ბოლო ვადამდე სამი დღით ადრე. თუ რატომ მოხდა ეს, უკვე სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ინსინუაციების სფეროდანაა. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, უმჯობესი იქნებოდა შეჯამება მომხდარიყო შაბათს, 17 ნოემბერს და შემდეგ ამ დღიდან მოხდებოდა ორკვირიანი ათვლა", — აღნიშნა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ ცესკოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, სადაც საუბარია საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემისთვის დროის 12 საათამდე გახანგრძლივების თაობაზე, რის გასაჩივრებასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აპირებს, გია აბაშიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

"საარჩევნო კანონმდებლობაში მკაფიოდ წერია, რომ ცესკოს განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვს დისკრეცია დაადგინოს პროცედურა და ვადები, რაც ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემულეებისათვის გამოიყენა. ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ზოგიერთი სატელიტი, მედიასა თუ სამოქალაქო სექტორში, მუდმივად კონცენტრირდება საზოგადოებაში უკმაყოფილების ტემპერატურის ასაწევად", — განაცხადა გია აბაშიძემ. მისივე განცხადებით, ოპოზიცია უაპელაციო და იმპულსური განცხადებებით ხასიათდება.

"ოპოზიციის განცხადებები, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდება, როგორც მოსალოდნელი იყო, გააბათილეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ახლაც ანალოგიური ვითარებაა, ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას და სხვადასხვა ჰიპერბოლური ბრალდებების წაყენებას, თუმცა მოცემულობა სულ სხვაა და ამას აღიარებენ უცხოელი დამკვირვებლები, როცა არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მიგვითითებენ და არა სისტემურ, ე.წ. ჩავარდნების არსებობაზე", — აღნიშნა გია აბაშიძემ.

მასალა განთავსებულია ცესკოს დაკვეთით.