დღეს, 18 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების შტაბში, ჭარბვალიანობის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძეს უპასუხა. კალაძემ საქართველოს მთავრობის "მასშტაბურ გადაწყვეტილება" დააანონსა, რომელიც მისი თქმით, ხვალ, 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.

"იქნება უმნიშვნელოვანესი პრინციპი ჭარბვალიანოიბის დაძლევისა და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე", — ამბობს კალაძე და ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეეგუოს იმას, რომ ხელისუფლება მათგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს:

"ენმ-ის შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. ქართული ოცნება ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელებაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო".

გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის მოსთხოვა, რომ ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს. საბანკო დავალიანებების შესახებ ინიციატივა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დღეს 18 ნოემბერს მათივე შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

"კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მოახდინოს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.