აუდიტის სახელმწიფო სამსახური მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო ბროშურების დაბეჭდვისთვის პატრიოტთა ალიანსის დაჯარიმებას ითხოვს. როგორც სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ბროშურები უკანონო შემოწირულობადაა მიჩნეული.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბროშურები 15 295 ლარის ღირებულების იყო. აუდიტი ითხოვს, რომ პარტიას ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსი არის ერთადერთი პარტია, რომელიც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

გუშინ, 25 ნოემბერს პარტიამ თავისუფლების მოედანზე ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერი და დეპუტატი ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ "სისხლიანი რეჟიმის" თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს.