აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრექსიტის შეთანხმებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, შეთანხმება დიდ უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირს, თუმცა ის ცუდად იმოქმედებს აშშ-ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებაზე.

"თუ შეთანხმებას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ დიდი ბრიტანეთი, დიდი ალბათობით, ჩვენთან ვაჭრობის წარმოებას ვერ შეძლებს. და ეს ცუდი იქნება. არ მგონია, რომ მათ ეს უნდოდეთ", —განაცხადა ტრამპმა.

საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ლონდონს ნებისმიერ ქვეყანასთან შეეძლება.

ბრექსიტის შეთანხმებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დაუჭრია მხარი. 25 ნოემბერს ჩატარებულ სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ეს შეთანხმების ყველაზე კარგი ვარიანტია.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. 14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი.

ბრიტანეთის პარლამენტში შეთანხმებას 9 დეკემბერს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს თუ არა პარლამენტი მას ხმას, თუმცა ბევრი დეპუტატი მას მხარს არ უჭერს.