საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერია, მან განაცხადა, რომ არჩევნებზე ბოლო ათი წლის განმავლობაში არსებულ ძალადობრივ რეჟიმს უარი უნდა ეთქვას.

"ის, რა შედეგებიც ვიხილეთ პირველ ტურში, იყო მოულოდნელი. მიზეზებზე, როგორც აღვნიშნე, დღეს საუბარი არ არის საჭირო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და საბოლოო უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში", — განაცხადა ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სათავეში 2003-2012 წლებში იყო, 2012 წელს კი აღნიშნული პარტია ქართულმა ოცნებამ შეცვალა.

დღეს, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ხალხმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შორის უნდა გააკეთოს.