საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის მონაწილებს უთხრა, რომ როგორც კი მისი მხარდამჭერები დაუძახებენ, "იმ წამს გაჩნდება მათ გვერდით".

"ამ ბრძოლაში მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის. მე ვარ ერთ-ერთი თქვენთაგანი. მე არ მაქვს განსაკუთრებული პრეტენზია. მინდა იცოდეთ, იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს, ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით, გავჩნდები ჩვენი ლიდერების გვერდით, გავჩნდები თქვენი ახალგაზრდობის გვერდით, გავჩნდები საქართველოსთვის", — უთხრა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს. მასზე საქართველოში არაერთი მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

ამ წუთებში, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ორივე მხარე გადაკეტილია. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად. მათი აზრით "ხმები მოიპარეს" და არჩევნები გაყალბდა. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სიტყვით გამოსვლისას დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, კრიზისის დასაძლევად, შექმნან სამუშაო ჯგუფი. გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.