თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაზა სარალიძისთვის კარვის გაშლის აკრძალვის საჩივრის განხილვა შეწყვიტა. სასამართლომ ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მიზეზი ის არის, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები უკვე გაშლილია.

შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს შვილის მკვლელების დაკავების მოთხოვნით დაწყებულ აქციაზე კარვის გაშლის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. ყველა შემთხვევაში მას ეს უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეუზღუდეს.

ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!"

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს სარალიძეს კარვის აღება საახალწლო ნაძვის ხის გამო მოსთხოვეს. მისი თქმით, ეს იყო რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც აქციის მონაწილეების პრეროგატივაა. ზაზა სარალიძის თქმით, კახა კალაძე თავის მართლების პოზიციაშია და თავისი ნათქვამის გამოსწორებას ცდილობს.