10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ინგლისელმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ საიუბილეო თარიღი ყველაზე ლამაზ ქალაქში აღენიშნა და ნიუ-იორკში გაემგზავრა.

ისტორიიის დასაწყისი ასეთი იყო: ჯონ დრენანს საყვარელი ადამიანისთვის, დანიელას ანტონისთვის დაუვიწყარი დღის მოწყობა სურდა, თუმცა, მოჭარბებული გრძნობების დროს, ხანდახან გაუთვალისწინებელი შემთხვევები იჩენს ხოლმე თავს.

და როდესაც, ტაიმზ-სკვერზე ყოფნისას ჯონმა დანიელას ხელი სთხოვა, ამ საოცნებო მომენტით აღელვებულებს შემთხვევით ბეჭედი ხელიდან გაუვარდათ და მეტროში ჩაუვარდათ.

მომენტი იქვე არსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

როგორც ცნობილია, წყვილმა პოლიციასაც მიმართა, თუმცა ბეჭედი ვერც მათ იპოვეს. ჯონმა და დანიელამ ქალაქი მალევე დატოვეს და ინგლისში დაბრუნდნენ.

თუმცა, ნიუ-იორკის პოლიციას ძებნა არ შეუწყვიტავს და ბევრი ძებნის შემდეგ, მათ მეტროში ჩავარდნილ ბეჭედსაც მიაგნეს. თუმცა ამჯერად წყვილი დაიკარგა, რადგან მათ საკონტაქტო ინფორმაცია პოლიციისთვის არ დაუტოვებიათ.

პოლიციამ ისტორია ტვიტერზე გამოაქვეყნა და ინტერნეტს დახმარება სთხოვა. ჯონისა და დანიელას საპოვნელად ტვიტერს სულ რაღაც ერთი დღე დასჭირდა.

როგორც ნიუ-იორკის პოლიცია ტვიტერზე წერს, ისინი ახალდანიშნული წყვილისთვის [დიახ, ბეჭდის დაკარგვის მიუხედავად, დანიელამ "კი" თქვა] ბეჭდის გადაცემას უახლოეს მომავალში აპირებს.

"მადლობა ტვიტერს, საქმე დახურულია. სიყვარულით — ჯონი, დანიელა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი".

სამყაროს გზაჯვარედინად წოდებულ ტაიმზ-სკვერს ყოლვედღიურად 350 ათასი ადამიანი სტუმრობს.