დღეს ილონ მასკის კომპანიამ ვანდენბერგის საჰაერო სამხედრო ბაზიდან რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომელმაც ორბიტაზე 64 თანამგზავრი გაიყვანა.

აღნიშნული გაშვება SpaceX-ს კომპანია Spaceflight-მა შეუკვეთა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მრავალტვირთიანი მისიაა.

ორბიტაზე პატარა თანამგზავრების გაშვება უფრო და უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები კი ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერის გამოყენება მომხმარებელთათვის დამატებითი სერვისების შესათავაზებლად - იქნება ეს უსადენო თანამგზავრული ინტერნეტი, თუ პროდუქტის მომმარაგებელი ქსელის მონიტორინგი.

SpaceX-ის მიზანი ხელმისაწვდომი და იაფი ორბიტალური სატრანსპორტო სისტემის შექმნაა, რასაც კომპანია მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნით ცდილობს. მაგალითად, დღევანდელმა რაკეტამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ორი ფრენა განახორციელა, დღევანდელი გაშვება კი მისთვის მესამე იყო, რომლის შემდეგაც ის დედამიწაზე უვნებელი დაბრუნდა.

"კოსმოსური ტაქსი"

როგორც უკვე ვახსენეთ, აღნიშნული გაშვება SpaceX-ის კომპანია Spaceflight-მა შეუკვეთა, რომელიც ერთგვარი "კოსმოსური ტაქსია". კომპანია უკვე წლებია პატარა თანამგზავრების მწარმოებლებს რაკეტების გამშვებ კომპანიებთან აკავშირებს. პატარა თანამგზავრების კოსმოსში გაგზავნა ხშირად რომელიმე უფრო დიდი მისიის ხარჯზე, რაკეტაში დარჩენილი თავისუფალი სივრცის ათვისების ხარჯზე ხდება.

"ჩვენ რაკეტებზე სხვადასხვა მისიების დროს დარჩენილ ცარიელ სივრცეებს ვყიდდით, თუმცა გავიაზრეთ, რომ პატარა თანამგზავრების ბაზარი იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვეგონა და გადავწყვიტეთ, რომ ერთი გაშვება მთლიანად ამ ტიპის თანამგზავრებისთვის დაგვეთმო. ეს მისია სწორედ ასე შედგა", - აცხადებს კომპანია Spaceflight-ის პრეზიდენტი კურტ ბლეიკი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როდესაც კომპანიამ რაკეტა მხოლოდ პატარა თანამგზავრებით "გაავსო". ჯამში მისიაში 17 ქვეყანა და 34 სხვადასხვა კომპანია მონაწილეობს.

მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Fleet Space Technologies, რომელიც უსადენო მოწყობილობებისთვის ინტერნეტის მიწოდებას თანამგზავრის მეშვეობით გეგმავს. ერთი ამერიკული და ერთი ფინური კომპანია კი რადარების მქონე თანამგზავრს უშვებს, რომლის საშუალებითაც ისინი თვითმფრინავებისა და გემების მოძრაობას გააკონტროლებენ. მისიებს შორისაა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ასტრობიოლოგიური თანამგზავრიც.

ორბიტაზე გასვლის შემდეგ, რაკეტას 64 თანამგზავრი უნდა მოსცილდეს, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა. მეტალის სტრუქტურაზეა მიმაგრებული თანამგზავრები, ორბიტაზე გასვლის შემდეგ, რაკეტას სინქრონულად მოსცილდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი ტიპის პირველი მისია არ არის. შარშან, ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ ერთი რაკეტით ორბიტაზე 104 პატარა თანამგზავრი გაუშვა.

პატარა თანამგზავრები და კოსმოსური ნაგავი

არსებობს უამრავი კომპანია, რომელსაც პატარა თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა სურს. ამჟამად, ასეთი თანამგზავრების ორბიტაზე მოხვედრის ყველაზე იაფი გზა სხვა მისიებთან "შეკედლებაა", თუმცა მუდმივად იქმნება ახალი კომპანიები, რომლებიც ორბიტაზე გაყვანის უფრო და უფრო იაფ გზებს გვთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Rocket Lab, რომელმაც უკვე ორი გაშვება განახორციელა.

კომპანიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი ამ ეტაპზე მომხმარებლების ნაკლებობას არ უჩივიან.

ორბიტაზე თანამგზავრების უფრო ხშირ გაშვებას შესაძლოა უარყოფითი მხარეც ჰქონდეს, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია კოსმოსური ნაგავი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გროვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ორბიტის განსაკუთრებულმა დაბინძურებამ შეიძლება მომავალში რაკეტების გაშვება შეუძლებელიც კი გახადოს.

ერთი თვის წინ აღნიშნულ საკითხზე აშშ-ს კომუნიკაციების კომისიამაც იმსჯელა, რომელიც ორბიტაზე საკომუნიკაციო თანამგზავრების გაშვებას აკონტროლებს. კომისია აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად ხომალდების გაშვების წესების განახლებას გეგმავს.