საქართველოს 2019 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა.

კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებად 9 მილიონ 800 ათასის ნაცვლად 6 მილიონით განისაზღვა.

ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც.

ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში 30 ნოემბერს, არჩევნებიდან 2 დღეში შევიდა.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობს. ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსია სწორედ ავლაბრის რეზიდენციის ხარჯებზე იყო მორგებული.

ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციის შენობაში. გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა. ისიც კი თქვა, რომ ამ რეზიდენციის ჰავა და აურა არ უხდება.

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. ეს საკითხი გრძელვადიანი დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ივანიშვილის მთავარი არგუმენტი იყო ის ხარჯი, რაც ავლაბრის რეზიდენციის შენახვას სჭირდებოდა. მისი თქმით ეს იყო "ჭარბი ფართი".

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 59,52%;
  • ვაშაძემ — 40,48%.

პირველ ტურში მიღებული ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა რომელიმე კანდიდატის პრეზიდენტად ასარჩევად. მაშინ ზურაბიშვილი ვაშაძეს 14 348 ხმით უსწრებდა.

პირველი ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ზურაბიშვილი — 615 572 ხმა (38,64%);
  • ვაშაძე — 601 224 (37,74%).