გუშინ, NASA-ს ხომალდმა, OSIRIS-REx-მა მის სამიზნე ასტეროიდამდე, ბენუმდე მიაღწია. პირველივე დღეს, ხომალდი ასტეროიდს 20 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. ახლა OSIRIS-REx მისიის ახალ ფაზას დაიწყებს, რომლის დროსაც ის ასტეროიდის ზედაპირის რუკას შექმნის, შემდეგ კი ნიმუშის ასაღებად საუკეთესო ადგილს შეარჩევს.

OSIRIS-REx-ის მისია მარტივია: ის ასტეროიდს უნდა შეხვდეს, მისი ზედაპირის ნიმუში აიღოს და დედამიწაზე დაბრუნდეს. მისია 2016 წელს გაეშვა, მეცნიერებისთვის ასტეროიდის ნიმუში ძალიან ღირებულია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი მზის სისტემა 4.5 მილიარდი წლის წინ.

ასტეროიდები ჩვენი კოსმოსური რეგიონის ერთგვარი ნარჩენებია, რომელიც იმ დროიდან არის შემორჩენილი, როდესაც მზის სისტემა ჩამოყალიბების პროცესში იყო. ასტეროიდის შემადგენლობის გაანალიზებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ელემენტები იყო ხელმისაწვდომი მზის სისტემის ჩამოყალიბებისას. მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტები სწორედ ასტეროიდების მეშვეობით მოხვდა.

OSIRIS-REx-ის მიერ დანახული ასტეროიდი ბენუ

OSIRIS-REx-ის მიერ დანახული ასტეროიდი ბენუ

ფოტო: NASA / Goddard / University of Arizona

მეცნიერებმა აღნიშნული მისიისთვის ეს კონკრეტული ასტეროიდი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ნახშირბადით მდიდარია, ნახშირბადზე კი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სიცოცხლე უშუალოდ არის დაფუძნებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშებში მათ შესაძლოა ისეთი ორგანული ნაერთები აღმოაჩინონ, რომლებმაც ერთ დროს დედამიწაზე სიცოცხლეს დაუდეს დასაბამი.

ბენუ პოტენციურად საშიში ასტეროიდების სიაშიც იმყოფება, არსებობს პატარა შანსი, რომ ის შესაძლოა 2100-იან წლებში დედამიწას შეეჯახოს. OSIRIS-REx შეეცდება დაადგინოს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ასტეროიდის ორბიტა დროთა განმავლობაში.

დედამიწიდან ბენუმდე და ბენუდან დედამიწაზე დასაბრუნებლად OSIRIS-REx-ს ჯამში შვიდი წელი დასჭირდება.

ახლა, როდესაც ხომალდმა ასტეროიდს მიაღწია, შემდეგი ნაბიჯი მის ორბიტაზე მოხვედრაა. ეს მანევრი კი 31 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. მანევრის წარმატების შემდეგ, მისიის გუნდი რეკორდს დაამყარებს - ეს იქნება მზის სისტემის ყველაზე პატარა ობიექტი, რომლის ორბიტაზეც ხომალდი ოდესმე მოხვედრილა.

ბენუ სიგანეში მხოლოდ ნახევარი კილომეტრია. ამის გამო მის ორბიტაზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან მისი მიზიდულობა ზედმეტად სუსტია. ნიმუშის აღების ადგილის შესარჩევად ხომალდს ერთი წელი აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, როდესაც ხომალდი ასტეროიდის სრულ რუკას შექმნის. ადგილის შერჩევის შემდეგ, OSIRIS-REx ასტეროიდის ზედაპირზე ფრთხილად დაეშვება და ზედაპირიდან ნიმუშს აიღებს.

2021 წელი ხომალდი დედამიწისკენ გამოემართება, 2023 წლისთვის კი ნიმუშები იუტას უდაბნოში დაეშვება.