შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის იუსტიციის სახლთან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე ძალადობის საქმეს ეთნიკური ნიშნით უფლებების შეზღუდვის მუხლით იძიებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე არავინ არის დაკავებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი მოქალაქეობის, წარმოშობის გამო ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იუსტიციის სახლთან აქცია დღეს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან იმართებოდა. ქსენოფობიური განწყობების ჯგუფები, მათ შორის ქართული მარშის წევრები და პარლამენტის დეპუტატები პატრიოტთა ალიანსიდან საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა შეუძლიათ.

ქსენოფობიური განწყობების მატარებელი ჯგუფები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობის უფლებას უზღდავდნენ და განუმარტავდნენ, რომ 16 დეკემბრამდე არ მისულიყვნენ. ისინი კანის ფერის მიხედვით წყვეტდნენ ვინ იყო ქართველი და ვინ — არა.