კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა. მისი განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შედეგები. აპატურაის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ძლიერი გზავნილები გააჟღერა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება, რაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს. აგრეთვე ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული NATO-ს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა", — განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. აპატურაის სჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ NATO-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე.

"აუცილებელია ვიმუშავოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე", — თქვა აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

აპატურაი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.