ყველაზე მხიარული, ძალიან ჭკვიანი და შეუდარებელი ელენ დეჯენერესი თავისი შოუს დახურვაზე ფიქრობს.

New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ელენმა თქვა, რომ მისი კონტრაქტი NBC Universal-თან 2020 წლის ზაფხულში მთავრდება და ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს გააგრძელებს თუ არა მათთან თანამშრომლობას.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ამ ეტაპზე თემის განხილვის პროცესშია და აზრებს ძირითადად ცოლისგან - პორშა დე როსისგან და ძმისგან, ვანს დეჯენერესისგან ისმენს.

"პორშა მეუბნება, რომ უნდა დავისვენო. გაბრაზდა, როდესაც ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ახლა პაუზის დრო არ იყო", - ამბობს ელენი.

დეჯენერესმა შოუ 2003 წელს დაიწყო და ამჟამად ეთერში მისი მე-16 სეზონი გადის. წელს, ელენმა შოუდან ჰონორარის სახით $87 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

კომიკოსი ამბობს, რომ თუ გადაცემას დახურავს, სურს მეტი დრო დაუთმოს კინოინდუსტრიას და შესაძლოა ფილმებში ითამაშოს კიდეც. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ შოუს დახურვის შემთხვევაში რადიოსა და პოდკასტებს მოსინჯავს.

საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ელენმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვისაც.

ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა,

2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კი მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.

დეჯენერესს 30-ჯერ აქვს მიღებული სატელევიზიო ოსკარად წოდებული Emmy-ის ჯილდო და არის ოთხი წიგნის ავტორი.