საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში პირველ სამუშაო დღეს იწყებს. ის რეზიდენციაში ფეხით მივიდა და მოგვიანებით მედიასთან კომენტარსაც გააკეთებს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ყოფილ ადმინისტრაციაში, ავლაბრის რეზიდენციის შენობაში. გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა. ისიც კი თქვა, რომ ამ რეზიდენციის ჰავა და აურა არ უხდება.

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. ეს საკითხი გრძელვადიანი დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ივანიშვილის მთავარი არგუმენტი იყო ის ხარჯი, რაც ავლაბრის რეზიდენციის შენახვას სჭირდებოდა. მისი თქმით ეს იყო "ჭარბი ფართი".

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.