მეცნიერებმა იციან, რომ დედამიწის ატმოსფერო ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ ტონა ჟანგბადს კარგავს. ამჟამად ცნობილია, თუ როგორ ხდება ეს პროცესი დედამიწის იმ მხარეს, სადაც ღამეა, თუმცა გაურკვეველია, როგორ ხდება ეს დედამიწის განათებულ მხარეს.

თუმცა ცნობილია ერთი რამ: ატმოსფეროდან გაზების გადინება პოლარული ციალთან არის კავშირში.

NASA-ს მიერ გარცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დედამიწის ატმოსფეროდან კოსმოსში გაზების გადინება კომპლექსური პროცესია, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულად მიმდინარეობს. ამ მოვლენას ისინი "გაზის შადრევანს" უწოდებენ.

ასეთი ფენომენის შესასწავლად სპეციალური პირობებია საჭირო, რის გამოც მისია ნორვეგიაში, კერძოდ, სვალბარდში დაფუძნდა. სვალბარდი ყველაზე ჩრდილოური პუნქტია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დასახლებულია. სვალბარდის ნავსადგური ყინულისგან მუდმივად თავისუფალია, ზამთარში კი იქ მზე არ არის, ანუ პოლარული ციალის შესასწავლად სვალბარდი იდეალური ადგილია.

ამ თვისებების გარდა სვალბარდს კიდევ ერთი რამ ახასიათებს, რაც მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანესია. ყოველ დილით, სვალბარდი დედამიწის მაგნიტური ველის სუსტი წერტილის ქვეშ ექცევა. სწორედ ამ წერტილიდან შემოდის დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მზიური ქარი, რაც საბოლოოდ პოლარულ ციალს და ატმოსფეროდან კოსმოსში გაზების გადინებას იწვევს.

ახლახან, ამ მისიის ფარგლებში მეცნიერებმა ორი რაკეტა გაუშვეს, რათა შეესწავლათ, თუ როგორ იწვევს ციალი ატმოსფეროდან ჟანგბადის კარგვას. რაკეტები კამერებითა და სხვა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი.

მეცნიერებს ციალის შესახებ ინფორმაციას სპეციალური თანამგზავრი წინასწარ აწვდიდა. მონაცემების მოსაპოვებლად სუსტი ციალი საკმარისი არ არის, ამიტომ მეცნიერებს რაკეტები სიფრთხილით უნდა გაეშვათ, რათა ისინი ტყუილად არ დაეკარგათ. გასათვალისწინებელია ქარის სიჩქარეც, რაკეტებს დამოუკიდებლად ორიენტირების უნარი არ აქვთ, ამიტომ გაშვებისას სწორი კუთხის შერჩევა იყო საჭირო.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ორი რაკეტის გაშვებაა აღბეჭდილი.

ფოტო: Allison Stancil-Ervin of NASA's Wallops Flight Facility

მისიაში რაკეტების წყვილი იმიტომ გამოიყენეს, რომ მათზე სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები განეთავსებინათ - ზოგი ინსტრუმენტი რაკეტის ბრუნვას საჭიროებდა, ზოგი კი არა. საბოლოო ჯამში, შვიდ დეკემბერს ორი რაკეტა ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის ინტერვალით გაეშვა. გაშვების შემდეგ რაკეტებს საჭირო მონაცემების შეგროვებისთვის ათი წუთი ჰქონდათ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ატმოსფერული შადრევნები" დავაფიქსირეთ. მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება, თუმცა აღნიშნული ფენომენი სავარაუდოდ რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან უნდა იყოს დაფიქსირებული", - აცხადებს მისიის ხელმძღვანელი და ფიზიკოსი დაგ როულანდი.

აღნიშნული პროექტი არა მარტო დედამიწის, არამედ სხვა პლანეტებისა და ეგზოპლანეტების უკეთ შესწავლაშიც დაგვეხმარება. მაგალითად, შევძლებთ უკეთ ავხსნათ, თუ როგორ დაკარგა მარსმა საკუთარი ატმოსფერო.

დედამიწის ატმოსფეროს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და ის მზისგან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაგვიცავს. დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა, რაც დედამიწის ატმოსფეროს "აორთქლებას" გამოიწვევს, თუმცა, მანამდე ამ საკითხზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ.

პოლარული ციალის მიერ გამოწვეული ჟანგბადის კარგვა ატმოსფეროზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. დღეში რამდენიმე ასეული ტონა თითქოს ბევრია, მაგრამ, დედამიწის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ მცირე ოდენობაა. თანაც, ფოტოსინთეზი დედამიწაზე ჟანგბადის მარაგებს მუდმივად აახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ჟანგბადის გამოლევისა და ატმოსფეროს გაქრობის საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს, ეს საკითხი მეცნიერთათვის მაინც მნიშვნელოვანია და მისი ამოხსნით უკეთ გავიგებთ, თუ რა ურთიერთობა აქვს ჩვენს პლანეტას მზესთან.