ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ როგორ ცდილობს დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი 2 დეკემბრის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას და იგივე პირი, როგორ აზიანებს თელავში ინაუგურაციის დღეს დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილს.

მისი ვარაუდით, ვიდეოზე აღბეჭდილი პირს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს, როგორც პროვოკატორს. უგულავას თქმით, ამის დადგენა, ბევრ დეტალს მოჰფენს ნათელს.

"ქართული ოცნება თელავის ინციდენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. ჩვენ ვნახეთ ძარღვებდაბერილი ბევრი ოცნების დეპუტატი მამაკაცი, რომელიც გულზე მჯიღს ირტყავდა და ქალბატონების დაცვის ეგიდით ათას ტირადას საუბრობდა. დღეს მოდის შს მინისტრი ბატონი გახარია პარლამენტში და კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს, რატომ ხდება შერჩევითი სამართალი და რატომ ისჯებიან ადამიანები ერთი და იგივე ქმედებისთვის. ერთი ადამიანი ისჯება და მეორე არ ისჯება, ეს არის მნიშვნელოვანი" — განაცხადა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.