კევინ სპეისი სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ბრალდებების შემდეგ პირველად მიმართავს საზოგადოებას.

მსახიობმა ერთწლიანი დუმილი Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დაარღვია. ვიდეოში სპეისი House of Cards-ის მთავარ პერსონაჟს, ფრენკ ანდერვუდს განასახიერებს, თუმცა პარალელურად, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებსაც პასუხობს.

ვიდეოს Let me be Frank ჰქვია, რაც ორნაირად ითარგმნება: "ნება მომეცით, ვიყო ფრენკი" და "მოდი, ვიქნები გულახდილი"

"მე ვიცი, რაც გინდათ", - ამბობს საშობაო წინსაფარში გამოწყობილი სპეისი ვიდეოს დასაწყისში, - "რა თქმა უნდა, მათ ჩვენი განცალკევება სცადეს, მაგრამ რაც ჩვენ გვაკავშირებს, ბევრად მყარია, ბევრად ძლიერია. მე თქვენ ყველაზე ბნელი საიდუმლოები გაგიზიარეთ. გაჩვენეთ, რაზე არიან წამსვლელი ადამიანები. გაგაოგნეთ ჩემი გულწრფელობით. მთავარი კი ისაა, რომ გამოგიწვიეთ და დაგაფიქრეთ. თქვენც მენდობოდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რომ არ ღირდა. ჯერ არაფერი დასრულებულა, იმის მიუხედავად, რას ამბობენ სხვები. გარდა ამისა, მე ვიცი, რაც გინდათ. თქვენ გინდათ, რომ დავბრუნდე".

სპეისი აგრძელებს, "რა თქმა უნდა, ზოგიერთებმა გავრცელებული ხმები დაიჯერეს და მოუთმენლად ელოდნენ, როდის ვაღიარებდი ყველაფერს. ისინი ყველაფერს მისცემდნენ, რომ ჩემგან მოესმინათ, რომ სამართლიანად დავისაჯე. განა ეს ადვილი არ იქნებოდა? თუმცა მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა, განსაკუთრებით - პოლიტიკაში. განა მტკიცებულებების გარეშე დასკვნების გამოტანას იჩქარებდით? არა, არ მგონია. თქვენ ამაზე გონიერები ხართ".

2017 წლის ოქტომბერში კევინ სპეისიმ მსახიობ ენტონი რეპის გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. სპეისის ბოდიში საჯაროდ გააკრიტიკეს, რადგან მსახიობმა ეს შემთხვევა იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ალაპარაკებულიყო.

სკანდალის შემდეგ კევინ სპეისი მიმდინარე პროექტებში ჩაანაცვლეს და მისი სახე House of Cards-ის პოსტერიდანაც კი გააქრეს.

ნახეთ სპეისის ვიდეო ქვემოთ.